ქალი ქრისტიანულ და მაზდეანურ კანონიკურ ტრადიციებში (V ს.)
გამოქვეყნებული 2025-12-02
საკვანძო სიტყვები
- ქალი,
- კანონი,
- ავესტა,
- ტრადიცია,
- ჰაგიოგრაფია
როგორ უნდა ციტირება
ანოტაცია
ქალისა და მამაკაცის თანასწორობას, რომელიც ადრექრისტიანული სამყაროსთვის სრულიად ახალი და უცხო კონცეფცია იყო, „შუშანიკის წამების“ ერთ ეპიზოდს უკავშირდება. აქ ვკითხულობთ, რომ ქრისტიანი ვარსქენ პიტიახში, თავისი მეუღლის, შუშანიკისგან, ფარულად იღებს მაზდეანობას და მეორე ცოლსაც გამოითხოვს „სპარსთა მეფისაგან“. „შუშანიკის წამების“ ქართული ტექსტის მიხედვით, ეს „ცოლი“ შეიძლება ყოფილიყო სპარსეთის მეფის ასული, სომხური ვარიანტით – სიდედრი, ხოლო ვრცელი სომხური ვერსიით – თვით ვარსქენის ქალიშვილი.
მოხმობილი ფრაგმენტი წარმოშობს რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას: რა ადგილი ეკავა ქალს ქრისტიანობასა და მაზდეანობაში? არსებობდა თუ არა ამ რელიგიებში მრავალცოლიანობა? დაიშვებოდა თუ არა სისხლის აღრევა? რას ფიქრობდა V საუკუნის ქართლის ორი მთავარი რელიგიის კანონიკური წიგნები – „დიდი სჯულის კანონი“ და „ავესტა“– ამ საკითხებზე?
ცხადია, ყოველი ტექსტი დაკავშირებულია არა მხოლოდ თავისი ეპოქის, არამედ წარსულის მითოსურ, რელიგიურ თუ კულტურულ-ესთეტიკურ აზროვნებასთან. აქედან გამომდინარე, კვლევის მიზანი, გაანალიზდეს ქალის სოციალური, რელიგიური და სამართლებრივი მდგომარეობა V საუკუნის ქართლში და პასუხი გაეცეს ჩვენ მიერ დასმულ კითხვებს, ეპოქებისა და კულტურული კონტექსტებისგან მოწყვეტით ვერ განხორციელდება.
ზოროასტრიზმის მთავარი წიგნის, „ავესტას“, კანონთა ანალიზი გვაჩვენებს, რომ ზარათუშტრა თავის ჭეშმარიტ მიმდევრებს, კაცებს თუ ქალებს, nā gәnā vā -ს, ანუ თანასწორს უწოდებს, მაზდეანთა ქორწინება მონოგამიურად ითვლება, კატეგორიულად იკრძალება ოჯახის შექმნა ნათესავებს შორის და ა. შ. თუმცა წესები ალბათ ირღვეოდა კიდეც ან დროთა განმავლობაში სხვა ინტერპრეტაციით ვრცელდებოდა. ამას ადასტურებს ე. წ. იშობოხტის სამართლის კოდექსი (VIIIს.), რომლის თანახმადაც, ზარათუშტრა „შეაჩვენეს დედასთან, დასთან და ასულთან შეუღლების წესის შემოღებისთვის“.
მაზდეანობაში მსგავსი წესის არსებობა ვრცელი სომხური რედაქციის ავტორისათვის, სავარაუდოდ, ცნობილი უნდა ყოფილიყო, თუმცა არც ზარათუშტრასა და ვარსქენის შესახებ შემორჩენილი ინფორმაცია, არც პიტიახშის სასტიკი ბუნება თუ პოლიტიკური გავლენებისადმი სწრაფვა არ იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ ვარსქენის მიერ რელიგიის ცვლილება საკუთარი ქალიშვილის ცოლად შერთვას დაუკავშირდეს (შესაძლებელია ეს ინფორმაცია არმენოფილურ ტენდენციადაც მივიჩნიოთ).
როგორ უმკლავდებოდა მსგავს პრობლემებს ქრისტეს ეკლესია? ქრისტიანობა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ქადაგებს და ღვთის წინაშე მათ თანაბარ ღირსებას აღიარებს. ეს სწავლება აისახა მსოფლიო და ადგილობრივ საეკლესიო კრებებზე შემუშავებულ საკანონმდებლო ნორმებში, რომლებიც შესულია „დიდ სჯულისკანონში“. ამავე კანონებით მკაცრად იგმობა ცოლქმრული ღალატი, მრავალცოლიანობა, ახლად შობილ გოგონათა მკვლელობის პრაქტიკა, სისხლის აღრევა (მაგ. ბასილი დიდის 67-ე კანონი) და სხვ. ასევე მეტად საინტერესო ცნობებს გვაწვდის კანონები ქალთა შესახებ, რომელთაც საეკლესო სამართალი „ჩუეულებას“, „უწერელ წესს“ უწოდებს და ძალით კანონთა თანასწორად აცხადებს.
ტექსტისა და მაზდეანურ-ქრისტიანული კანონიკური ტრადიციის ანალიზი ადასტურებს, რომ V საუკუნის ქართლში მცხოვრებ ქრისტიან ქალთა საზოგადოებრივ და რელიგიურ ყოფაზე ჯერ კიდევ ძლიერია წარმართობის გავლენა, თუმცა ნელ-ნელა მკვიდრდება ქრისტიანული ცხოვრების წესი და სამართლებრივი ნორმები, რომლებიც მოგვიანებით ზოგიერთ მაზდეანურ კანონზეც აისახა.