ტომ. 41 (2021)
XIX საუკუნე: ეპოქა და ლიტერატურა

გრიგოლ ორბელიანის ერთი ტაეპის შესახებ (“ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას!”)

გამოქვეყნებული 2021-12-20

საკვანძო სიტყვები

  • Georgian Literature,
  • Georgian Romanticism,
  • Grigol Orbeliani

როგორ უნდა ციტირება

ბებურიშვილი ლ. (2021). გრიგოლ ორბელიანის ერთი ტაეპის შესახებ (“ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას!”). ლიტერატურული ძიებანი, 41, 70–76. https://doi.org/10.48614/lr.41.2021.70-76

ანოტაცია

 

გრიგოლ ორბელიანი საკმაოდ რთული და წინააღმდეგობრივი ფიგურაა XIX საუკუნის ქართველ კლასიკოსთა შორის. პოეტის პიროვნებისა და მისი ეროვნულ-პოლიტიკური მრწამსის საკითხზე ჩვენს ლიტერატურათმცოდნეობაში არაერთგვაროვანი მოსაზრებებია გამოთქმული. მკვლევართა უმეტესება გრიგოლ ორბელიანს გაორებულ პიროვნებად, ე. წ. “მამათა” თაობის ბელადად სახავს, რომელმაც ეროვნული ინტერესების სამსახური პირად კარიერას შესწირა. ეს საკმაოდ ვრცელი საკითხია და ამჟამად მის განხილვას არ შევუდგებით. ყურადღებას გავამახვილებთ გრიგოლ ორბელიანის მისამართით გამოთქმულ ერთ-ერთ ბრალდებაზე, სიტყვებზე, რომლებიც მის მთავარ ზნეობრივ დანაშაულად მიიჩნევა. ვგულისხმობთ ცნობილ ფრაზას ლექსიდან “პასუხი შვილთა”: “ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას!” ლიტერატურათმცოდნეთა უდიდესი ნაწილის მოსაზრებით, ეს სიტყვები გრიგოლ ორბელიანის პოლიტიკურ მრწამსს გამოხატავს. მაგ. ელგუჯა მაღრაძე წერს: „რისხვის ცეცხლისმფრქვეველი პოეტი თავშეუკავებლად გაიძახის: „ოქროს ჯაჭვის სჯობს თავისუფლებასო!“ ასეთ მსჯელობას საერთო არაფერი აქვს ახალი დროის სიოს ქროლასთან“. კრიტიკოსთა მიერ პოეტის გამოთქმა დაახლოებით ასე განიმარტება: პოლიტიკურად რუსეთის მორჩილებაში, მონობაში ყოფნა სჯობს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რადგან იგი უფრო მომგებიანია.

მკვლევართა ეს მოსაზრება ეჭვქვეშ დააყენა პროფესორმა ლადო მინაშვილმა, რომელმაც თავის მეტად საგულისხმო ნაშრომში “გრიგოლ ორბელიანთან ილია ჭავჭავაძის მიმართებისათვის”, აღნიშნა, რომ ხსენებული სიტყვები არამც და არამც არ უნდა იქნას გაგებული პირდაპირი აზრით, იგი ირონიული ქვეტექსტის მქონეა და თავად შვილთა თაობას მიემართება.