გამოქვეყნებული 2021-12-20
საკვანძო სიტყვები
- “The Knight in the Panther’s Skin”,
- Arabian Lyrics,
- Nizami,
- Troubadour Poetry
როგორ უნდა ციტირება
ანოტაცია
ვეფხისტყაოსნის პროლოგსა და სიუჟეტის განვითარებაზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ რუსთველის მიერ ჩამოყალიბებული სიყვარულის კონცეფცია არის ძალზე სპეციფიკური და, იმავდროულად, სრულიად ახლებური გააზრება მიჯნურობისა, რომელსაც არ იცნობს წინარე პერიოდის ქართული მწერლობა. სამეცნიერო ლიტერატურაში მართებულადაა შენიშნული, რომ რუსთველის მიერ აღწერილი სიყვარული არ არის მხოლოდ გრძნობა, არამედ მკაფიოდ ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი ინსტიტუტი, გარკვეულ წრეებში მიღებული ურთიერთობის ფორმა, რომელსაც გააჩნია თავისი საზოგადოებრივად დადგენილი წესები და გამოხატვის მეტ-ნაკლებად პირობითი ფორმები. შესაბამისად, ეს სიყვარული წოდებრივია – არისტოკრატიული წრის (რაინდობის)
კუთვნილებაა და სავალდებულო თვისებათა მკაფიოდ ჩამოყალიბებული კოდექსით არის განსაზღვრული (`ხანიერება~, ანუ ერთგულება, თავმდაბლობა, სიყვარულის დათმენა და მისი `არ-დაჩენა~, `შორით ბნედა, შორით კვდომა, შორით დაგვა, შორით ალვა~, სატრფოსთვის თავგანწირვა, ტანჯვა სიყვარულისთვის, სისხლის ცრემლების ღვრა და `ველად გაჭრა~). წყვილებს შორის სამიჯნურო ურთიერთობის საფუძველია სამსახური, რომელიც გულისხმობს არა მარტო სატრფოს დავალების შესრულების დროს სამხედრო სიქველის გამოჩენას, არამედ სატრფოს შექებას, მის პოეტურ განდიდებას (შესაბამისად, მიჯნურობა პოეზიას უკავშირდება); ამავდროულად, სიყვარული გამაკეთილშობილებელი, ადამიანისთვის აღმაფრენის მიმნიჭებელი გრძნობაა, რომელიც მიჯნურის სრულყოფილ პიროვნებად ფორმირების საფუძველია. ჭეშმარიტი სიყვარული შეზღუდულიც არის, რადგან მხოლოდ ერთი ქალის მიმართ აღიძვრება.