ტომ. 41 (2021)
ლიტერატურული მერიდიანები

ფაუსტის ხსნისა და ცად ამაღლების გოეთესეული კონცეფციისა და ტრაგედიის ფინალის ინტერტექსტუალობისათვის

გამოქვეყნებული 2021-12-20

საკვანძო სიტყვები

  • Goethe,
  • Faust,
  • Mephistopheles,
  • Salvation,
  • Intertextuality

როგორ უნდა ციტირება

ბრეგაძე კ. (2021). ფაუსტის ხსნისა და ცად ამაღლების გოეთესეული კონცეფციისა და ტრაგედიის ფინალის ინტერტექსტუალობისათვის. ლიტერატურული ძიებანი, 41, 153–165. https://doi.org/10.48614/lr.41.2021.153-165

ანოტაცია

 

თავის მდივან ეკერმანთან საუბარში (ორშაბათი, 6 ივნისი, 1831) გოეთემ „ფაუსტის“ ფინალის სიმბოლიკის კონცეფციის გამო ასეთი მოსაზრება გამოთქვა:

„დასასრული, სადაც გამოხსნილი სული ცად მაღლდება, გადმოსაცემად ძალიან რთული იყო. ამიტომაც, ამ ზეგრძნობად და ძნელად წარმოსადგენ საგანთა ასახვისას, შესაძლოა, თავგზა ამბნეოდა, მკვეთრად მოხაზული ქრისტიანულ-ეკლესიური სახეებისა და წარმოდგენების საშუალებით ჩემი პოეტური განზრახვებისათვის გამოკვეთილი ფორმა და სიმყარე არ მიმენიჭებინა“ (აქ და ყველგან გოეთეს ციტატების, ასევე, „ფაუსტის“ ციტატების პროზაული თარგმანი ჩემია – კ. ბ.) (ეკერმანი 1994: 520).

ამგვარად, გოეთეს ეს დაკვირვება ნიშნავს იმას, რომ ქრისტიანული რელიგიის სიმბოლიკა და ქრისტიანულ-ეკლესიური ფიგურები (მადონნა, მარიამ ეგვიპტელი, წმიდა მამები, „კათოლიკური“ ყაიდის წმინდანები, ანგელოსთა დასები და სხვ.), რომელთა საფუძველზეც გოეთე ტრაგედიის ფინალური სცენების, – ტრაგედიის მეორე ნაწილის მეხუთე მოქმედების უკანასკნელი სცენების: ფაუსტის საფლავად დადებისა და ცად ამაღლების სცენების, – ასახვისას ოპერირებს, წმინდად ფიქციონალური და „სეკულარიზებული“ მოცემულობებია, წმინდად ლიტერატურული გამონაგონია, რომ „ფაუსტის“ ფინალში გამოყენებულ რელიგიურ სიმბოლიკასა და რელიგიურ ფიგურებს გოეთე უცვლის ქრისტიანულ საზრისს და ამ სიმბოლოებისა და ფიგურების საფუძველზე თავად ტრაგედიის ზოგად ჩანაფიქრს დაშიფრავს („ჩემი პოეტური განზრახვები“/ /„meine poetischen Intentionen“). მაგ., ეს ითქმის, თუნდაც, ტრაგედიის ფინალური ნაწილის ბოლოს Mater Gloriosa-ს, ანუ ღვთისმშობლის (მადონნას) მოვლინებაზე – ეს პოეტური ფიგურა სინამდვილეში გოეთესეული „მისტიური“ ლიტერატურული გამონაგონია, კერძოდ, მარად-ქალურის („Das Ewig Weibliche“) სიმბოლური განსახიერებაა და კონციფირებულია, ერთი მხრივ, პლატონის ეროსის ცნების, მეორე მხრივ, თავად გოეთეს მარადქალურის ცნების მიხედვით.

 

შესაბამისად, ფაუსტის სულის ცადამაღლების ფინალურ სცენაში საქმე გვაქვს არა საკუთრივ რელიგიურ სიმბოლიკასთან და ამ სიმბოლიკით გადმოცემულ ავტორის რაიმე კონფესიურ, მაგ., ქრისტიანულ-კათოლიკურ, პოზიციასთან, არამედ – წმინდად ლიტერატურულ, ფიქციონალურ სახისმეტყველებასთან: ვიმეორებ, აქ ტრადიციული რელიგიური სიმბოლიკა მასალაა, საშუალებაა, რომლის საფუძველზეც ავტორი (გოეთე) ავითარებს თავის ლიტერატურულ ჩანაფიქრს და საკუთარ მსოფლმხედველობრივ პოზიციას, რაც, თავის მხრივ, მრავალ ინტერტექსტურ შრეს შეიცავს და რასაც ინტერტექსტურ საფუძვლად სხვადასხვა თეოლოგიური (მაგ., ფსევდო-დიონისე არეოპაგელის ნაშრომი „საღმრთოთა სახელთათვის“), ფილოსოფიური (მაგ., პლატონის „ნადიმი“) თუ ლიტერატურული თხზულება (მაგ.,დანტეს „ღვთაებრივი კომედია“) უდევს (შმიდტი 2011: 289-290). ამიტომ, არა მარტო ფინალის სიმბოლიკა ეფუძნება ინტერტექსტუალობას, არამედ თავად ფინალური სცენები გაჯერებულია ინტერტექსტებით.