ტომ. 41 (2021)
მითოსი. რიტუალი. სიმბოლო

მჭედლის მოტივი ამირანის ეპოსში

გამოქვეყნებული 2021-12-20

საკვანძო სიტყვები

  • Dali,
  • Amirani,
  • Kamar,
  • Smith,
  • Christ

როგორ უნდა ციტირება

ხუხანაიშვილი-წიკლაური მ. (2021). მჭედლის მოტივი ამირანის ეპოსში. ლიტერატურული ძიებანი, 41, 143–152. https://doi.org/10.48614/lr.41.2021.143-152

ანოტაცია

 

წინამდებარე ნაშრომს საფუძვლად დაედო შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილების მიერ ახლახან გამოცემული ამირანიანის ტექსტების (რედაქტორები: ზ. კიკნაძე, რ. ჩოლოყაშვილი) კვლევის შედეგები. კრებული პირველი გამოცემისაგან განსხვავებით (მ. ჩიქოვანის მიერ 1947 წელს გამოიცა 69 ვარიანტი) შეიცავს ამირანის თქმულების 220 ვარიანტს, რომლებიც საქართველოს 17 ისტორიულ-გეოგრაფიულ რეგიონშია ჩაწერილი. პირველი კრებულის გამოცემიდან დიდი დრო გავიდა. ამირანიანის ახლად აღმოჩენილი ტექსტები სხვადასხვა გამოცემებში იბეჭდებოდა, რომელთა თავმოყრა, კლასიფიკაცია და გამოცემა ფასდაუდებელი სამსახურია ამირანიანის მკვლევართათვის.

ამირანის ეპოსი თავისი მნიშვნელობით მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამირანის ამბის ეპოსად ჩამოყალიბებაში მთავარი როლი შეასრულეს იმ მითოლოგიურმა წარმოდგენებმა, რომლებიც თან ახლდა ადამიანთა შრომის პირველ ორგანიზებულ ფორმას, მონადირეობას, მოგვიანებით კი გუთნურ მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას. ამ დროს დაიწყო მატრიარქატის დაშლა და პატრიარქატის ბრძოლა პირველობისთვის, რაც იდეოლოგიურ სფეროში ღვთაებათა ბრძოლის ფორმით აისახა. აღნიშნული პროცესი თქმულების ვარიანტებში ფრაგმენტების სახითაა წარმოდგენილი და ეპოსის ძირითად ბირთვს წარმოადგენს. ამირანის დედა, დალი მატრიარქატის დროინდელი ნადირთღვთაება და მონადირეობის მფარველი, მშობიარობის დროს იღუპება და ტოვებს შვილს, მამაკაც მემკვიდრეს, ტიტან ამირანს, რომლის აღმზრდელად არა მონადირე მამა, არამედ ვინმე იამანი გვევლინება. ამირანის მამობის მონადირისთვის მიწერა სავარაუდოდ იმ ცნობილმა ხალხურმა ბალადამ განაპირობა, რომლის მიხედვითაც მონადირემ ქალღვთაება დალს მგლის მიერ მოტაცებული ახალშობილი გადაურჩინა და დაუბრუნა. დროთა განმავლობაში პატრიარქატის გავლენით დალის, როგორც ამირანის დედის მოტივი იკარგება და წინა პლანზე ამირანის მამა გამოდის.