ტომ. 41 (2021)
XX საუკუნის ლიტერატურა

მონუმენტად ქცეული ინვექტივა, ანუ „ქება ქებათაი“ გაბრიელისი

გამოქვეყნებული 2021-12-20

როგორ უნდა ციტირება

რატიანი ნ. (2021). მონუმენტად ქცეული ინვექტივა, ანუ „ქება ქებათაი“ გაბრიელისი. ლიტერატურული ძიებანი, 41, 119–125. https://doi.org/10.48614/lr.41.2021.119-125

ანოტაცია

 

1975 წელს ზვიად გამსახურდიამ იმ თანამოაზრეებთან ერთად, რომლებთან ერთადაც მანამდე დააარსა ადამიანის უფლებათა საინიციატივო ჯგუფი, გამოსცა ჟურნალ „ოქროს საწმისის“ პირველი ნომერი. ორი წლის განმავლობაში ჟურნალის ოთხი ნომერი გამოიცა. მასში იბეჭდებოდნენ საბჭოთა ცენზურის მიერ დაწუნებული მწერლები. ამ ავტორთა უმეტესობა აღარც კი იყო ცოცხალი. ოთხი ნოემრი თითქოს ბევრი არ არის, მაგრამ თუ გავიაზრებთ იმ ფაქტორს, რომ ჟურნალი არალეგალური იყო და იატაკქვეშა გზებით ვრცელდებოდა, მივხვდებით, რომ ამგვარი ჟურნალისთვის ოთხი ნომრის გამოცემაც საკმარისზე მეტი იყო. საინტერესოა, რომ ჟურნალის პირველივე ნომერში დაიბეჭდა ე.წ. ანტისაბჭოური ტექსტები. ერთი მათგანი იყო გაბრიელ ჯაბუშანურის „ინვექტივა-მონუმენტი“, რომელიც თუნდაც იმის გამოა საინტერესო, რომ ჯერ კიდევ მაშინ ამხელდა სტალინს, როცა ბელადზე ხმამაღლა სიტყვასაც ვერავის დააცდენინებდი, როცა არავინ ამბობდა მასზე აუგს. ვგულისხმობ ნაწარმოების არა გამოქვეყნების, არამედ დაწერის თარიღს.

ზვიად გამსახურდიასთვის პოემა „ინვექტივა-მონუმენტი“ ერთგვარი შეუპოვრორობის სიმბოლო იყო, რადგან მაშინ, როდესაც საბჭოთა მწერლების დიდი ნაწილი ხოტბას ასხამდა, აქებდა და ადიდებდა ბელადს, გაბრიელ ჯაბუშანური არ გაჩუმებულა, მას უკან არ დაუხევია და ისეთი ძეგლი აუგო დიქტატორს სიცოცხლეშივე, როგორსაც ის იმსახურებდა. პოეტმა იცოდა, რომ თუკი პოემის შესახებ შეიტყობდნენ, ის, სხვა არგაჩუმებულების მსგავსად, დაისჯებოდა. მას კი არ შეეშინდა უცილობელი სიკვდილისა და უმწარესი სიმართლე სტალინის სიცოცხლეშივე გამოთქვა ისე, როგორც მას ხელეწიფებოდა – არა ზურგსუკან და მიკიბულ-მოკიბულად, არამედ პირდაპირ და დაუფარავად. გაბრიელ ჯაბუშანურმა სიჭაბუკეში თავისი თვალით ნახა ხელისუფლების სათავეში მოქცეული თანამემამულის უშუალო ბრძანებით ჩადენილი უამრავი უსამართლობა, მოესწრო სისხლიან რეპრესიებს. ამ ყველაფრის მომსწრე და მოწმე არაერთი სხვა ხელოვანიც იყო, მაგრამ ბევრმა გაჩუმება არჩია. მხოლოდ ერთეულები წერდნენ მამხილებელ ტექსტებს, რომლებიც დაწერისთანავე უჯრაში გამოსამწყვდევად იყო განწირული. რა გასაკვირია, რომ მწერლების მსგავსად, ჩუმად იყო საზოგადოებაც. მაგრამ არ გაჩუმებულა გაბრიელ ჯაბუშანური. მან, სტალინის სიდიადით აღტაცებული ქართველებისგან განსხვავებით, რომელთაც ბელადისგან კულტი შექმნეს, არცერთი წამით არ დაიჯერა გაკერპებული ბელადის კეთილშობილება და ხელის დაფარების ნაცვლად ლექსად ამოთქვა მამხილებელი სიტყვები. ამის ერთ-ერთი და არა ერთადერთი მიზეზი ალბათ „ღილღოს ნგრეული აულის მოზარეობაც“ და დაცლილი ძირძველი მოსახლეობისგან ღილღოს გაპარტახებულ სოფელში ცხოვრებაც იყო. პოეტმა იმ კუთხით დაინახა ქვეყნის მმართველი თანამემამულე, რომლის შესახებაც სხვა ქართველებს წარმოდგენა არ ჰქონდათ. ეს ის შემთხვევაა, როცა მწერლის ბიოგრაფია პირველი ნაბიჯი შეიძლება აღმოჩნდეს ტექსტის გასააზრებლად. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამ ნაბიჯის გარეშე პოემის გაგება შეუძლებელია.